Ivane Javakhishvili Tbilisi State Universit: Open Journal Systems / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Not a member yet
417 research outputs found
Sort by
საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში და იუსტიციის სახლის როლი
წინამდებარე სტატია განიხილავს საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის დინამიკას სახელმწიფო სერვისების ჭრილში და მასში იუსტიციის სახლის, როგორც ინსტიტუციური ინოვაციის როლს. კვლევის მიზანია შეაფასოს „ერთი სარკმლის“ (One-Stop-Shop) პრინციპით მოქმედი ჰიბრიდული პლატფორმის მოდელის ეფექტიანობა, ადმინისტრაციულ პროცესები და სერვისების ხელმისაწვდომობა.ნაშრომი ეყრდნობა შერეულ მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს ბოლო ათწლეულის რაოდენობრივი მონაცემების. კერძოდ, მომხმარებელთა ნაკადებს, სერვისების რაოდენობასა და ტერიტორიული დაფარვის შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, დოკუმენტურ ანალიზსა და დარგის ექსპერტებთან ჩაღრმავებულ ინტერვიუებს. მონაცემთა ანალიზი ცხადყოფს იუსტიციის სახლის სტრატეგიულ ევოლუციას. შედეგები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა სერვისის მისაღებად მოქალაქეთა ადმინისტრაციული დანახარჯები და დრო, ამასთან სისტემამ მდგრადად იმუშავა პანდემიის პირობებშიც. თუმცა მხედეველობაშია მისაღები სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული და შენახვის ხარჯები.სტატიაში ასევე მიმოხილულია ციფრული მმართველობის გამოწვევები, მათ შორის კიბერუსაფრთხოების რისკები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი. დასკვნის სახით ნაჩვენებია, რომ მდგრადობისთვის აუცილებელია აქცენტის გადატანა ფიზიკური გაფართოებასთან ერთად ციფრული ეკოსისტემის დახვეწასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაღრმავებაზე
რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის იდეოლოგიური საფუძვლები რუსულ პოლიტიკურ ფილოსოფიასა და კონცეფციებში
წინამდებარე კვლევაში შესწავლილია რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის იდეოლოგიური ფესვები და ამტკიცებს, რომ თანამედროვე რუსული რევიზიონიზმი ხანგრძლივი პოლიტიკურ-ფილოსოფიური ტრადიციების პირდაპირი პროდუქტია. ნაშრომი ფოკუსირებულია პოსტსაბჭოთა გეოპოლიტიკური ვაკუუმიდან იმპერიული ამბიციების აღდგენაზე გადასვლის პროცესზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, კონსტანტინე ლეონტიევის, ნიკოლოზ ტრუბეცკოისა და ივან ილინის ნაშრომების ინსტრუმენტალიზაციის გზით ხორციელდება.დოკუმენტების თვისებრივი ანალიზის გამოყენებით, ნაშრომი აჩვენებს, თუ როგორ მოხდა ლეონტიევის „ბიზანტიზმის“, ტრუბეცკოის „ევრაზიულობისა“ და ილინის „ძლიერი სახელმწიფოს“ კონცეფციების ინტეგრირება რუსეთის ოფიციალურ საგარეო პოლიტიკის კონცეფციებში (2000–2023). ეს ფილოსოფიური ჩარჩოები უზრუნველყოფს დასავლური ლიბერალური წესრიგის უარყოფის, „მრავალპოლარული“ ძალთა ბალანსის შექმნისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში „პრივილეგირებული ინტერესების სფეროს“ დამკვიდრების „ლოგიკურ“ დასაბუთებას. კვლევა ასკვნის, რომ საბჭოთა წარსულის რომანტიზება და „მუდმივი მტრის“ ხატის შექმნა აუცილებელ ინსტრუმენტებს წარმოადგენს შიდა კონსოლიდაციისა და საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელებული ტერიტორიული ანექსიების ლეგიტიმაციისთვის, რაც სისტემურ გამოწვევას უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას
”Non-Politicians” in Politics: The Case of Georgia
There are two main types of leaders in political science: formal and informal. A formal leader is a person who has responsibility by virtue of their position. An informal leader is recognizable and respected figure in society, who does not have an official burdens. Social capital accumulated outside the political sphere can be successfully utilized for political purposes. It is significant that in the pre-election period electorate shows more trust in informal leaders. An informal leader has no political responsibility which puts them in a very advantageous position. The involvement of informal leaders in politics is particularly active in conditions of ineffectivness of political.parties. At such times, they try to compensate for parties ineffectivness through leadership. In this way, politics becomes person-centered and free from ideological accountability. During the pre-election period, the compilation of party lists by well known figures for society is a proven strategy. This approach mobilizes an unstable electorate and their votes.The purpose of our study was to determine the role of effectivness of political parties in the involvement of informal leader in politics. In our research, we utilize Marshall’s theory of celebrity influence. According to this theory, celebrities are individual members of society who, on the surface, promote (false) values and actively shape political, economic, and social life. Our hypothesis is as follows: political parties ineffectivness leads to the involvement of informal leaders in politics. We are interested in exploring the role of so-called intelligentsia and celebrities in political process. In the research process we used a qualitative research method, specifically focus-group, and the respondents were selected non-propabilistically and supposefully. We identified two groups: the first group consisted of individuals aged twenty to thirty-nine, and the second group consisted of individuals aged forty to seventy
1921 წლის თებერვლის, როგორც განთავისუფლების თარიღის კონსტრუირება და ქართული ეროვნული თვითცნობიერების ბრძოლისა და შეგუების ეტაპები
„იდეოლოგიები მიმართავენ ისტორიას და მათ ხელში წარსული წინასწარმეტყველებად იქცევა“მარგარეტ მაკმილანისაკვლევი თემა მოიცავს საქართველოს გასაბჭოების თარიღის, 1921 წლის 25 თებერვალის, ირგვლივ შექმნილი ნარატივების ანალიზს, ფოკუსირდება წარსულის გასაბჭოების ფენომენის კვლევაზე და ამ თარიღის შემდეგ გამოხატულ ქართული ეროვნული იდენტობის მახასიათებლებზე. ონტოლოგიურად საზოგადოება სხვა არაფერია, თუ არა ცვლილება, მოძრაობა და ტრანსფორმაცია. ეს არის კონსტრუირების და რეკონსტრუირების მუდმივი პროცესი და არა სტაბილურად ყოფნა. იმის თქმა, რომ სოციალური ცვლილებები იწვევს ტრავმას საკითხის წარმოუდგენელი გამარტივებაა. სწორი კითხვაა: რომელი ტიპის ცვლილებები იწვევს ტრავმას, როცა კოლექტიურ ცნობიერებაზე ვსაუბრობთ? რამდენიმე კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ ეს ტიპები, თუმცა ერთ-ერთი აუცილებლად იქნება - უცხოელის მიერ დაპყრობა და ძველი პოლიტიკური რეჟიმის ნგრევა. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, კულტურული ტრავმის გამომწვევი შეიძლება იყოს ფუნდამენტური ცვლილება ინსტიტუტების ან რეჟიმების, რადგან ასეთი პოლიტიკური ცვლილება გულისხმობს კულტურულ ადაპტაციას და შესაბამისად ახალი კულტურული მახასიათებლების ჩამოყალიბებას. კულტურული იმპერატივები უნდა მოერგოს ახალ პოლიტიკურ გარემოს. ამის გარდა, შეგვიძლია ტრავმული გამოცდილების წყაროდ განვიხილოთ რწმენა-წარმოდგენების, მოძღვრების და იდეოლოგიის ცვლილება (The Trauma of Social Change; A Case of Postcommunist Societies, 2004). საქართველოს მაგალითზე, თუ თანამედროვეობაში 1921 წლის თებერვლის მოვლენას ვუწოდებთ ოკუპაციას, საბჭოთა რეჟიმი იგივე მოვლენას უწოდებდა გათავისუფლებას პირველი რესპუბლიკის გამოცდილებისგან, 1918-1921 წლების პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობის წაშლის მცდელობით. ამ პროცესს შეგვიძლია ვუწოდოთ საბჭოური იდენტობის შექმნის ტიპური გამოხატულება, თუ როგორ იქმნებოდა საბჭოური ნარატივი იმის შესახებ, რომ 1921 წლის ოკუპაცია იყო რევოლუციური გამოხსნა და არა იმპერიული დაპყრობა. კვლევა ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ, რომელიც მოიცავს ნაციონალიზმს, მახსოვრობის პოლიტიკას და ისტორიულ რევიზიონიზმს. კვლევა აანალიზებს, როგორც ოკუპაციის პირველ წლებში ქართველი საზოგადოების მიერ გამოთქმულ-გამოხატულ პროტესტისა და ბრძოლის ფორმებს, ისე ერის შეგუების ეტაპზე გადასვლას, რასაც ლოგიკურად მოჰყვა „დუმილის“ ეტაპიც.საკვლევი თემის აქტუალობა გამომდინარეობს თავად შესასწავლი ფენომენის მრავალმხრივობიდან, რადგან ეროვნული თვითცნობიერების გამოღვიძების, თუ პირიქით, შესუსტების ფენომენი არ არის სწორხაზოვნად განვითარებული მოვლენა, რომლის სავარაუდო შედეგების გენერალიზაცია შესაძლებელი და მოსახერხებელია. ეროვნული თვითცნობიერების კვლევის დროს მეტად უნდა ვფოკუსირდეთ შემთხვევის ანალიზზე, რადგან ერთნაირ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში ერები განსხვავებულად რეაგირებენ. ერნესტ გელნერის თეორიას თუ შევეხებით ვნახავთ, რომ ავტორი ნაციონალიზმის პრინციპის დარღვევად თვლის შემთხვევას, რომელიც ერის ბრაზს და გაღიზიანებას იწვევს, როდესაც მმართველი/ები მოქალაქეების უმრავლესობისგან განსხვავებულ ერს ეკუთვნიან. ეს მომენტი მნიშვნელოვანია, რადგან ერნესტ გელნერის მოსაზრებით, ნაციონალიზმის პრინციპი ირღვევა, თუ მმართველი უმცირესობა ეთნიკური წარმოშობით განსხვავდება მართულ უმრავლესობაზე და ამ პრინციპის დარღვევის შედეგად წარმოიშვება მართულ უმრავლესობაში ბრაზი და აგრესია (Gellner, 1983). გელნერის თეორიის თანახმად, ქართველ ერში დაპყრობის შემდეგ გამოხატული ბრაზი უნდა გარდაქმნილიყო ნაციონალურ მოძრაობად. შესაბამისად, ქართველი ერის შემთხვევა საყურადღებო და აქტუალურია იმ კუთხითაც, რომ ნაკლებად ამართლებს ამ წამყვანი მოდერნისტული თეორიის ერთ-ერთ მთავარ ჰიპოთეზას.კვლევის სიახლე: შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ასპექტი, რომელსაც თემის ირგვლივ ახალი დისკუსი შემოაქვს. 1) საკვლევი თემა ხშირად განხილულია მეხსიერების პოლიტიკის ჭრილში, თუმცა კვლევას ექნება მეტად ჰიბრიდული ხასიათი და არის იდენტობის პოლიტიკის, ნაციონალიზმის თეორიების, მეხსიერების პოლიტიკის და ისტორიის გზაგასაყარზე; 2) კვლევაში ადაპტირებული იქნება ნაციონალიზმის რამდენიმე თანამედროვე თეორია, რომელიც ზოგად ჭრილში ახსნის და გაანალიზებს საქართველოს შემთხვევას, რაც თავის მხრივ ახალი მიდგომაა საკითხისადმი;კვლევა ორიენტირებულია ისტორიული მანიპულაციების თვალსაზრისით ქართველი ერის კოლექტიური მეხსიერების ხელახალი ფორმირების შესწავლაზე და შესაბამისად, კვლევის მიზანია: იმ მომენტალური პასუხების და რეაქციების ანალიზი, რომელიც ქართველ ერს ჰქონდა ოკუპაციის წინააღმდეგ.მეთოდოლოგია: 1) კვლევის შინაარსიდან გამომდინარე გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდი ისტორიული ანალიზის თვისებრივი მეთოდი, რაც მოიცავს საკვლევ თემაზე არსებული მეორეული წყაროების კვლევას; 2) კვლევაში გამოყენებულია დისკურსის ანალიზის მეთოდი იმ ენის, ტერმინებისა და რიტორიკის შესასწავლად, რომელიც გამოიყენეს საბჭოთა კონტროლის ნორმალიზებისა და ისტორიული მოვლენების რეინტერპრეტაციის პროცესში.ტოტალიტარული რეჟიმი განსაზღვრავდა მეხსიერებას საბჭოთა ეპოქაში, რომელიც იცავდა და მიჰყვებოდა ერთ ფუნდამენტურ და ჰომოგენურ ნარატივს: საბჭოთა მომავალი ეროვნებათაშორის ჰარმონიული თანაცხოვრებაა. ამ ნარატივის მიხედვითვე, არარუსი ხალხი საბჭოთა კავშირს ნებაყოფლობით შეუერთდა. საქართველოს შემთხვევაში, 1921 წელს ოკუპაციის ტერმინის გამოყენება მიუღებელი იყო ბოლშევიკებისთვის, რადგან გასაბჭოება მოხდა ნებაყოფლობით, რევოლუციური ბოლშევიზმის მიზნების განხორციელებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი წინააღმდეგობა (ვერბალური თუ ფიზიკური) გამოთქმული გასაბჭოების წინააღმდეგ ითვლებოდა დიადი მიზნების წინააღმდეგ წასვლად და რაც მთავარია არარუსი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებად. ამ ნარატივის მიხედვით თავად ქართველებისვე სურვილით ხდება უცხო რეჟიმის შემოსვლა და შესაბამისად ეს დაპყრობა კი არა გათავისუფლებაა ძველი მმართველობისგან (Toria, 2014). შესაბამისად, ოკუპაცია მართლდებოდა იდეოლოგიურად და ითვლებოდა დიადი მიზნების განსახორციელებელ აუცილებლობად. იდეოლოგიური მოტივით ახსნა პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების ნათელი იყო ოკუპაციის შემდეგ საქართველოში რუსეთის ყოფილი XI არმიის საჯარისო შენაერთების დიდი ხნით საქართველოში დარჩენის მოტივების განმარტების დროსაც, რადგან ეს იწვევდა საზოგადოების ნაწილის პროტესტს, თუმცა ბოლშევიკების მხრიდან რუსეთის არმიის დარჩენა საქართველოში აიხსნა ქართველი პროლეტარიატის და გლეხობის ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიის მიცემით, რადგან საჯარისო შენაერთების საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენა ერთგვარ დახმარებად წარმოჩნდა საქართველოში სოციალისტური საზოგადოების მშენებლობის გზაზე (დაუშვილი, 2008).საკითხი რელევანტურად რჩება დღესაც, რადგან ისტორიული მოვლენების, თარიღების, აქტორების მნიშვნელობის, პროცესების გადააზრებაში ვხვდებით პოლიტიკური აქტორების და მათ მიერ შექმნილი ნარატივების ფუნდამენტურ როლს. შესაბამისად ისტორიული შემთხვევის ანალიზი გვიჩვენებს იმ მახასიათებლებს, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ გამოიჩინა ისტორიის გასაბჭოების პროცესში. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების, კონკრეტულად მეხსიერების პოლიტიკისა და იდენტობის პოლიტიკისთვის, ისევე როგორც ისტორიის ჰუმანიტარული დარგისთვის.საკვანძო სიტყვები: საბჭოთა საქართველო, ეროვნული თვითცნობიერება, ეროვნული იდენტობა, საქართველოს ოკუპაცია.
განათლების პოლიტიკის ევოლუცია ესტონეთის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიებში (2019-2021 და 2022-2023 წლების სტრატეგიების შედარებითი ანალიზი)
2019-2021 წლებში, ხელოვნური ინტელექტის (AI) სახელმწიფო სტრატეგიების დაგეგმვის პროცესში-სტრატეგიული დოკუმენტების ხანგრძლივობისა და მოქნილობის კუთხით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული მიდგომები გამოიკვეთა. 27 წევრ ქვეყანას შორის მხოლოდ სამმა სახელმწიფომ - იტალიამ, რუმინეთმა და ესტონეთმა - აირჩიეს ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება, რაც ამ ქვეყნების კვლევის საჭიროებას აჩენს, რადგან შესაძლებელი ხდება AI სტრატეგიების უკვე შესრულებული სახელმწიფო დოკუმენტების შედეგების ანალიზი; მოცემული ნაშრომი ფოკუსირდება ესტონეთის მაგალითზე და იკვლევს, თუ როგორ აისახა 2019–2021 წლების ეროვნული AI სტრატეგიის განხორციელების შედეგები 2022–2023 წლების სტრატეგიის ფორმირებაზე - განათლების კომპონენტის ცვლილებების კუთხით.ნაშრომი ეფუძნება დოკუმენტის შედარებით ანალიზს და მიზნად ისახავს სტრატეგიებს შორის კავშირის და ცვლილების გამოვლენას განათლების პოლიტიკის ჭრილში. ნაშრომში გაანალიზებულია, თუ როგორ შეიცვალა განათლების კომპონენტი AI სტრატეგიებში - საწყისი - შესაძლებლობების შექმნის ინსტრუმენტიდან- სისტემურ მმართველობით ინსტრუმენტამდე - და როგორ აისახა ესტონეთის ინსტიტუციური გამოცდილება მეორე სტრატეგიის პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების (ე. წ. სტეიკჰოლდერების) ჩართულობისა და საჯარო, კერძო და აკადემიური სექტორების თანამშრომლობის სახეების ჩამოყალიბებაზე; კვლევის შედეგების მიხედვით, ესტონეთის მოკლევადიანი სტრატეგიული მიდგომა ქმნის ეფექტიან უკუკავშირის მექანიზმს, რომელიც შესაძლებელს ხდის განათლების პოლიტიკის დროულ კორექტირებას ტექნოლოგიური პროგრესის დინამიკის შესაბამისად. ესტონური გამოცდილება წარმოადგენს მნიშვნელოვან მაგალითს იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ მოქნილ და განათლებაზე ორიენტირებულ AI სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას
სოციალური კაპიტალის სტრუქტურა და მისი გავლენა ქართულ საზოგადოებაზე (რაოდენობრივი კვლევის შედეგები)
სოციალური კაპიტალი თანამედროვე სოციალური მეცნიერებების ერთ-ერთ ცენტრალურ ანალიტიკურ კონცეფციად მიიჩნევა, რადგან იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნდობის, თანამშრომლობისა და სოციალური ინტეგრაციის პროცესების ახსნაში. მოცემული სტატია იკვლევს სოციალური კაპიტალის სტრუქტურას ქართულ საზოგადოებაში და აანალიზებს მის გავლენას სოციალური ერთიანობისა და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებზე. კვლევა ეფუძნება 2025 წელს ჩატარებული ეროვნული მასშტაბის რაოდენობრივი გამოკითხვის მონაცემებს (N = 1100) და სოციალური კაპიტალის ანალიზს ახორციელებს bonding, bridging და linking სოციალური კაპიტალის ანალიტიკური ჩარჩოს გამოყენებით.კვლევის შედეგები ცხადყოფს სოციალური კაპიტალის ტიპებს შორის მკვეთრ ასიმეტრიას. Bonding სოციალური კაპიტალი განსაკუთრებით ძლიერია, რაც გამოიხატება ოჯახის წევრების, მეზობლებისა და ახლო სოციალური წრის მიმართ მაღალი ნდობით. ამასთანავე, შედარებით სუსტია bridging სოციალური კაპიტალი, რაც აისახება ზოგადი სოციალური ნდობის დაბალ დონესა და ეთნიკური და რელიგიური „სხვის“ მიმართ სოციალურ დისტანციაზე. Linking სოციალური კაპიტალიც მყიფეა და ძირითადად კონცენტრირებულია ტრადიციული და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინსტიტუტების მიმართ ნდობაზე, მაშინ როდესაც პოლიტიკური პარტიებისა და წარმომადგენლობითი ინსტიტუტების მიმართ ნდობა დაბალია.კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ქართული საზოგადოება იმყოფება ტრადიციულობისა და მოდერნულობის საზღვარზე. ძლიერი bonding სოციალური კაპიტალი უზრუნველყოფს სოციალურ მდგრადობას მიკრო დონეზე, თუმცა სუსტი bridging და linking სოციალური კაპიტალი ზღუდავს ფართო საზოგადოებრივ თანამშრომლობას, ინსტიტუციურ ნდობასა და ინკლუზიურ განვითარებას. სტატიაში დასკვნის სახით არგუმენტირებულია, რომ სოციალური კაპიტალის დაბალანსებული განვითარება წარმოადგენს კრიტიკულ წინაპირობას საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და სოციალური თანასწორობის გასაძლიერებლად
საქართველოს პოლიტიკური პარტიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში: საპროგრამო დოკუმენტების შედარებითი ანალიზი
ნაშრომში შესწავლილი და გაანალიზებულია 2024 წლის საპარლამენტო საარჩევნო პროცესი საქართველოში, პოლიტიკური პარტიების საპროგრამო დოკუმენტები მთელი რიგი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით. ამასთან არკვევს, თუ რამდენად ორიენტირებულია თითოეული ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტი თავის საპროგრამო დოკუმენტებში მოიცვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო, თუ შეზღუდულია და აქცენტს აკეთებს მხოლოდ ცალკეულ ელემენტებზე. ამავე დროს, კვლევა ორიენტირებულია იმის გარკვევაზეც, თუ რამდენად სთავაზობს პოლიტიკური სუბიექტი მოსახლეობას ამა თუ იმ საკითხის, საზოგადოებრივი პრობლემების კონკრეტული გადაწყვეტის მექანიზმებს.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტების მიერ ფიქსირებული საარჩევნო დაპირებების კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პროგრამებში არსებული დაპირებები, მათი განხორციელების მექანიზმები საკმაოდ ბევრ კითხვებს ბადებდა და სადავოდ მიიჩნეოდა. ამასთან, წინასაარჩევნო პლატფორმების ანალიზმა ცხადყო, რომ უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკური სუბიექტები ერიდებოდნენ პროგრამაში ფიქსირებული დაპირებების შესრულების კონკრეტულ გზებზე საუბარს, რაც პოლიტიკურ სუბიექტთა სიფრთხილითა და საზოგადოებრივი ანგარიშგების ნაკლებობით შესაძლებელია აიხსნას
ქართული უნივერსიტეტი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორი
ნაშრომი მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ ფარგლებში. გრანტის კოდი: FR-23-2950აბსტრაქტისაკვლევი თემა. მოხსენებაში განხილულია 1918 წლის 4 აპრილს (ძვ. სტ.) ქართულ უნივერსიტეტში გამართული სტუდენტთა საერთო კრება, სადაც მიიღეს მიმართვა ეროვნული საბჭოსადმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე. ამ კრების შესახებ მხოლოდ რამდენიმე საგაზეთო სტატია მოგვეპოვება.აქტუალობა და სიახლე. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს საფუძვლიან და მრავალმხრივ შესწავლას. მას წინ უძღოდა ბრძოლა დამოუკიდებლობის გამოცხადების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი პირველი 1918 წლის 4 აპრილს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების საერთო კრების მიერ მიღებული დადგენილება იყო. დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმართული მოწოდებები მეტყველებს იმაზე, რომ ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის აღდგენის მომხრე იყო და 1918 წლის 26 მაისის აქტი გამოხატავდა ქართველი ერის ნებას. ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა 4 აპრილის კრება აქამდე არ ყოფილა ცალკე შესწავლის საგანი.მეთოდი. კვლევის უმთავრესი მეთოდია იმდროინდელი პრესის მასალების შინაარსობრივი ანალიზი. სამწუხაროდ, ჩვენამდე მოღწეული მასალა მცირეა. ამ მასალაზე დაყრდნობით შევეცდებით 4 აპრილის კრებაზე და მასთან დაკავშირებით მოვლენათა შემდგომი განვითარების რეკონსტრუქციას. 4 აპრილს გამართული კრების შესახებ 8 აპრილს სოციალ-დემოკრაკრიტიკული პარტიის მთავარმა ორგანომ გაზეთმა ერთობამ გამოაქვეყნა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტის თ. თოთიბაძე-გრიაზნოვის წერილი, რომელიც არასწორად გადმოსცემდა კრებაზე მიღებულ რეზოლუციას, თითქოსდა საქართველოს დამოუკიდებლობას ოსმალეთთან სეპარატიული ზავის დასადებად ითხოვდნენ. როგორც ჩანს, ამ წერილის საპასუხოდ სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მთავარ ორგანოში „სახალხო საქმეში“ 10 აპრილს გამოქვეყნდა 4 აპრილის კრებაზე მიღებული რეზოლუცია, 11 აპრილს კი იმავე გაზეთში „დანის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა სტატია თოთიბაძე-გრიაზნოვის წერილის წინააღმდეგ სათაურით „ერთი მახინჯი ქართულ უნივერსიტეტსაც ჰყოლია“. სტატიის ავტორი 4 აპრილის კრების მდივანს სთხოვდა „საკითხის მთლიანად გასაშუქებლად“ კრების ვრცელი ოქმის გამოქვეყნებას. სამწუხაროდ, ეს ოქმი არ გამოქვეყნებულა.კვლევის შედეგები. 4 აპრილის სტუდენტთა საერთო კრება წინა კრების გაგრძელება იყო („ერთობა“, 1918 წ. 8 აპრილი). კრება შედგა ქართული უნივერსიტეტის დარბაზში. ამ დროისათვის ქართულ უნივერსიტეტში 600-მდე მსმენელი ითვლებოდა და მათი უმრავლესობა კრებას ესწრებოდა („სახალხო საქმე“, 1918 წ. 11 აპრილი). კრების დროს ლექციები შეწყვეტილი იყო („ერთობა“, 1918 წ. 8 აპრილი). სტუდენტთა საერთო კრებამ მოისმინა მოხსენება „საქართველოს საერთო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ“ („სახალხო საქმე“, 1918 წ. 10 აპრილი). სამწუხაროდ, მომხსენებლის გვარი აღნიშნული არ არის.4 აპრილის კრებაზე გამოვიდა 5-6 ორატორი და ყველა ამტკიცებდა, რომ სამშობლო განსაცდელშია. განსაკუთრებით აქტიურობდა იმედაშვილი, რომლის განცხადებითაც ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი იყო „თვით საქართველოზე ორიენტავიის აღება“. ამ პოზიციას იზიარებდნენ სხვა ორატორებიც და ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა ცხრა მეათედი მაინც („ერთობა“, 1918 წ. 8 აპრილი).მიღებულ დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ კრებამ „გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გარეშე ქართველი ერისა საქართველოსთვის არავითარი სხვა რეალური ძალა არ არსებობს“ და დაადგინა „მოხდეს ძირითადი ცვლილება მართვა-გამგეობის საქმეში, აღიარებულ იქმნას სახელმწიფოებრივობა ქართველი ერისა და ასეთმა სახელმწიფოებრივმა ერთეულმა ერთეულმა შეასრულოს სახელმწიფოთა ფორმაციისათვის სავალდებულო საერთაშორისო ყველა იურიდიული წესები. ეს უფლება განახორციელოს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომლის მიერ არჩეულ მთავრობას, სანამ მოწვეულ იქნებოდეს საქართველოს დამფუძნებელი კრება, მიენიჭოს დროებითი მთავრობის ფუნქციები“. ამ დადგენილების ასლი ეცნობა ამიერკავკასიის სეიმს, მთავრობას, საქართველოს ეროვნულ საბჭოს და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს („სახალხო საქმე“, 1918 წ. 10 აპრილი).მიღებული დადგენილების წინააღმდეგი მხოლოდ 2 აღმოჩნდა, „დანის“ შეფასებით, „მახინჯი გონების პატრონი, რომელთაც ხმა მისცეს წინააღმდეგ“, 9 კაცმა თავი შეიკავა. იმედაშვილმა, სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციის სახელით, უარი თქვა კენჭის ყრაში მონაწილეობაზე, მაგრამ მის ფრაქციაში 6 თუ 7 წევრი აღმოჩნდა. სოციალ-დემოკრატმა „ჭინჭარაძის ქალმა“. „საჯარო პროტესტი განაცხადა კრებაზედვე“ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პოზიციის წინააღმდეგ („სახალხო საქმე“, 1918 წ. 11 აპრილი).„დანი“ კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აღნიშნავდა: „ქართველ ახალგაზრდობაში გონიერებამ გაიმარჯვა, ის ფხიზელი თვალით უყურებს ყოველივე მოვლენას, განთავისუფლდა ყოველგვარნდოგმიდან და თავისუფალი მოაზროვნე ქართველი გახდა“ („სახალხო საქმე“, 1918 წ. 11 აპრილი).ის, რისკენაც მოუწოდებდნენ ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები, მალე რეალობა გახდა. 1918 წ. 9 (22) აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნა, რომელმაც დიდხანს ვერ იარსება და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა გამოცხადდა
1918 წლის ბათუმის კონფერენცია და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი
1918 წლის მაისში, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ზოგადი იდეა პრაქტიკული მოქმედების საგნად გადიქცა. აქვე დაიწყო მუშაობა დამოუკიდებლობის აქტის პროექტზეც, რომელიც თბილისში დასრულდა და 26 მაისს ეროვნული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის კონფერენციამ საფუძველი შეუმზადა ახალი ქართული სახელმწიფოს – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას.მოხსენებაში ფართოდ გაშუქდება ოსმალეთისა და ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციების ბათუმის მოლაპარაკებაში გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობა. გერმანიიდან გამოგზავნილ ექვსკაციან დელეგაციას, რომელსაც გენერალ ფონ ლოსოვი ხელმძღვანელობდა, კონსულტანტის ფუნქციით, თან ახლდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე პეტრე სურგულაძეც. დელეგაციაში შედიოდნენ ქართულ კომიტეტთან მჭიდროდ დაკავშირებული დიპლომატი გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი, გერმანიის გენერალური შტაბის პოლიტიკური სექციის უფროსი, ლეგაციის მდივანი ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდოკი და სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხების რეფერენტი რუდოლფ ნადოლნი. კომიტეტი 1914 წლიდან თანამშრომლობდა გერმანიის სამთავრობო წრეებთან და ხელშეკრულებაც ჰქონდა გაფორმებული ოფიციალურ ბერლინთან, რომლის თანახმად, გერმანიას უნდა დაეცვა საქართველოს უსაფრთხოება, თუ იგი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.ვეზენდოკმა ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს ჩამოუტანა და გადასცა გიორგი მაჩაბლის წერილი, რომელიც ბერლინშია დაწერილი და 1918 წლის 29 აპრილითაა დათარიღებული. წერილი, ფაქტობრივად, განთავისუფლების კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს შეიცავს, მიმოიხილავს საქმიან მიმოწერას გერმანიასთან და ცენტრალურ სახელმწიფოთა ბლოკის სხვა ქვეყნებთან (ავსტრია-უნგრეთი, ოსმალეთი), მათან ხელმოწერილ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. წერილში მოცემული იყო ერთგვარი გეგმაც, რომლითაც შექმნილ სიტუაციაში ამიერკავკასიის დელეგაციის ქართველ წევრებს უნდა ემოქმედათ.სწორედ ეს წერილი გახდა საფუძველი აკაკი ჩხენკელის ფონ ლოსოვთან მოლაპარაკებისა, რომელშიც შემდეგ ბათუმში საგანგებოდ ჩასული ნოე ჟორდანიაც ჩაერთო. კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის, აგრეთვე, 1918 წლის გაზაფხულისათვის პირველი მსოფლიო ომით შექმნლი კონიუქტურის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული საბჭო მიდის გადაწყვეტილებამდე – გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებლობა. ამდენად, ის, რაც თბილისში 26 მაისს აღსრულდა, არსებითად, ბათუმში დაიგეგმა და გადაწყდა.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თემა სოლიდური სამეცნიერო პრობლემაა. ამასთან, მისი კვლევა აქტუალურია, როგორც ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით, ისე ქართულ სოციუმში თავისუფლებისა და რესპუბლიკის იდეის დასამკვიდრებისათვის, რასაც დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს.მოხსენება იქნება მეცნიერული სიახლის შემცველი, რადგან მასში პირველწყაროების საფუძველზე კომპლექსურად წარმოჩნდება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საერთაშორისო ფონი და ადგილობრივი კონტექსტი, რაც აქამდე გაკეთებული არ ყოფილა. ნაშრომი პირველწყაროებს, საარქივო დოკუმენტებს, პერიოდული პრესის მასალებს, მემუარული ხასიათისა და სპეციალური ლიტერატურის მონაცემებს დაეფუძნება. მოხსენებაში დასმული პრობლემა გადაიჭრება სასისტორიო კვლევის ისეთი ტრადიციული მეთოდებით, როგორიცაა ისტორიზმის, ისტორიულ-შედარებითი, რეტროსპექტული, შემთხვევის ანალიზისა და აღწერითი მეთოდები.ისტორიულ-შედარებითი მეთოდი შესაძლებლობას იძლევა, დადგინდეს მსგავსება და განსხვავებები დროის განსაზღვრულ ინტერვალში მომხდარ მოვლენებს შორის, რომლებიც ეპოქის კონტექსტში განიხილება. თემის ისტორიული ფონი შესწავლილი იქნება რეტროსპექტული მეთოდის გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენასა და მეცნიერული ხედვის ჩამოყალიბებას განსახილველი პრობლემის ირგვლივ. აღწერითი მეთოდი დაგვეხმარება ემპირიული მასალის შეგროვებასა და სისტემატიზაციაში, ფაქტებისა და მოვლენების ზუსტად გადმოცემასა და გააზრებაში, პასუხების გაცემაში კითხვებზე: რა, სად, როდის და როგორ.შემთხვევის ანალიზი, როგორც ყოვლისმომცველი კვლევის მეთოდი, გულისხმობს კონკრეტული შემთხვევის, მოვლენის ან ფენომენის სიღრმისეულ შესწავლას, დეტალური აღწერას, მის ახსნასა და ინტერპრეტაციას. წყაროებისა და ფაქტობრივი მასალის კრიტიკული ანალიზი, ისე როგორც საკითხის სხვადასხვა რაკურსით გაშუქება და განსხვავებული პერსპექტივიდან წარმოჩენა მართებული დასკვნების ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობად გვესახება
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი: რუსეთის მიზნები და შედეგები
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარების მიზეზების და მიზნების შესახებ პასუხების ძიება რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიებში ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს. თავად ეს აღიარება უშუალოდ უკავშირდება საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომს, რომელსაც ტერორისა და მუქარის ხასიათი ჰქონდა, რაც ე.წ. “შეშლილის თეორიის” სტრატეგიის ნაწილია. რუსეთის არმიის შემოჭრის შემდეგ ქართველმა სამხედროებმა ხანმოკლე, მაგრამ მძლავრი წინააღმდეგობა გაუწიეს მოწინააღმდეგეს. ხელისუფლებამ მოსახლეობასაც მოუწოდა წინააღმდეგობის გაწევისკენ, ხოლო როცა რუსული სამხედრო კოლონა თბილისისკენ გაემართა, საქართველოს პრეზიდენტმა დედაქალაქის დაცვის გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ქართული მხარის წინააღმდეგობამ და აშშ-სა და ევროპული ქვეყნების მხარდაჭერამ უზრუნველყო შეენარჩუნებინა საქართველოს როგორც საკუთარი ხელისუფლება, ისე თავისი სუვერენიტეტი. ომის რუსეთის მიერ წინასწარ განზრახული მიზანი - საქართველოს ხელისუფლების ქვეყნიდან განდევნა ან მისი შეცვლა - ვერ იქნა მიღწეული. ამის შემდეგ გადაწყვიტა რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რადგან გადაეფარა 2008 წლის აგვისტოს ომში თავისი ზრახვები და თავი გამარჯვებულად გამოეცხადებინა